პოლიტიკა
„იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში“ (გოეთე)
ასე გამოხატა გოეთემ იმ უდიდესი პრობლემის არსი, რასაც წარმოადგენს ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობა და რაც მოითხოვს ყოველი კონკრეტული პირისაგან დიდ ინტელექტუალურ და მორალურ მზაობას, იმისათვის, რომ არეგულიროს თავისი სურვილები, საზოგადოების ინტერესების მიხედვით. ამ მზაობას განსაზღვრავს ცოდნა და ზნეობა. ამიტომაც იყო, რომ მეცნიერებას და მორალს დაარტყა, სწორედ, პირველ რიგში, სოროსმა და დაანგრია ამით ადამიანის ქცევის ყოველგვარი ნორმები. კანტი წერდა: „ადამიანი არის არა ის, თუ რა იცის მან, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს იგი.“ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი, ისეთი ფუნდამენტური ცნებების კვლევას და ანალიზს, როგორიცაა „თავისუფლება“, „მოვალეობა“, „პასუხისმგებლობა“. გულსატკენია, მაგრამ დღევანდელ ევროპას წაკითხულიც კი არა აქვს კანტი, რომელიც გვაფრთხილებდა: „არაფერია ისე საშიში საზოგადოებისათვის, როგორც აღვირახსნილი თავისუფლებაო.“ ჰეგელთან კი ვკითხულობთ: „თავისუფლება მისცა ღმერთმა ადამიანს იმისათვის, რომ დაინახოს მან ის, მისთვის ერთადერთი შესაძლებელი და აუცილებელი.“ სამაგიეროდ „ჩვენი ქართველი სოკრატე“ (მ. მამარდაშვილი) ასე მოძღვრავდა ახალგაზრდებს: „რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ.“ ან კიდევ: „თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თვით თავისუფლება უნდა იცხოვრო!“ ეს არის პირდაპირი გზა ანარქიისა და ფაშიზმისაკენ... და „ვიცხოვრეთ“ ჩვენც „თავისუფლება“ მეცნიერების, კულტურის, მორალის, კანონის და ტრადიციების გარეშე და მივიღეთ კიდეც ის, რაც ამას უნდა მოჰყოლოდა: ანუ აღარავინ იცის დღეს, როდის რა მოხდება და რა მოგვივა: მოვშალეთ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და თავდაყირა დავაყენეთ მთელი იურისპრუდენცია! თან, რაც მთავარია არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ იგივეს. დემაგოგიური, სპეკულაციური და მხოლოდ თავისი ინტერესებით მოქმედი „ამერიკული დემოკრატიის“, „ლიბერალიზმის“ და „გლობალიზაციის“ სეპარატისტულმა იდეოლოგიამ დაგვაკარგვინა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტი, დაგვინგრია სახელმწიფოებრივი წესრიგი, მოსპო და მიწასთან გაასწორა სამართალი და მორალი.
პრივატიზაციის დანაშაულებრივმა პროცესებმა, რომელიც მსოფლიო ბანკის დიქტატიით ჩატარდა, დაყო მოსახლეობა მდიდრებად და ღარიბებად, რის შედეგადაც გუშინდელი კრიმინალები გამოგვეცხადნენ უეცრად ბიზნესმენებად, ხოლო პატიოსნად მომუშავე პროფესიონალები, ყველა სფეროდან, კანონმდებლობის სრული დარღვევით, დაითხოვეს სამსახურებიდან და დაუნიშნეს სამარცხვინოდ დაბალი პენსიები, რაც დიდი და დღემდე გამოუძიებელი, ბანდიტური ძარცვის ფაქტია, ე.წ. „ვაუჩერების“, ასევე ავანტიურისტულ და კრიმინალურ პოლიტიკასთან ერთად. ამგვარად გამდიდრებულმა, უცოდინარმა და უწიგნურმა „ახალმა ელიტამ“ თავისი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით დაამკვიდრა ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობის ის, ყოვლად მახინჯი ოლიგარქიული ფორმა, რამაც წარმოშვა და გააძლიერა ჩვენში კორუფცია, წინა პლანზე წამოსწია ნეპოტიზმი და წურბელებივით დაასვა თავს, სახელმწიფო ბიუჯეტს აღვირახსნილი ბიუროკრატია. მათ მოხერხებულად ჩაიგდეს ხელში საზოგადოებრივი ცხოვრების მართვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა უბანი და განდევნეს პროფესიონალები ყველა სფეროდან. ქვეყანაში გაჩნდნენ „მკვლელი ექიმები“, ხოლო სამართლის მაძიებელი ხალხი აღმოჩნდა მთლიანად, ბანდიტურად მომუშავე ადვოკატების პირისპირ, რომელნიც სრულიად დაცულად გრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში და არ გააჩნიათ არავითარი ვალდებულება არავის და არაფრის წინაშე. ამიტომაც, როგორც სურთ და როგორც გაეხარდებათ, ისე, რომ შენ არც კი დაგეკითხებიან, ადგენენ და წერენ სარჩელებს და არ არსებობს დანაშაული, რაზეც ისინი თავისუფლად არ იყვნენ წამსვლელნნი. ასე მაგალითად, როდესაც ჩემი საქმე წააგო, 3 თვე მემალებოდა შემდეგ ჩემი ადვოკატი და დამჭირდა სხვა ადვოკატის დახმარება იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი გამეგო. ამ გზით საკუთარმა ადვოკატმა მოხერხებულად წამართვა საქმის შემდგომი გასაჩივრების უფლება, სხვათაშორის ეს იყო საკმაოდ ცნობილი : ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო და ადვოკატი ირაკლი ალხაზაშვილი. დაკარგულია მორალი, ერთმანეთშია არეული ტყუილი და მართალი და ამ ფონზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და იდიოტივით გამოიყურება ზნეობრივი და კანონმორჩილი ადამიანი.
ასევე ცუდ დღეშია ჩავარდილი ის სახელმწიფოები, რომლებსაც სჯერათ საერთაშორისო წესრიგის, ვერ წარმოუდგენიათ მისი დარღვევა და მის წინააღმდეგ მოქმედება. აგერ, რამდენ ხანს ითმინა მსოფლიომ ნატოს ჯარების თავხედური თარეში დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე და ეს მაშინ, როდესაც, უკვე, იუგოსლავიის შემდეგ უნდა გაეცათ მათთვის საკადრისი პასუხი და დაესვათ ისინი თავის ადგილზე. რუსეთიც, ხომ, სანამ ყველა საზღვართან არ მიადგნენ, დუმდა და არ აკეთებდა სათანადო რეაგირებას იმაზე, რომ უხეშად ირღვეოდა ვარშავის ხელშეკრულება; ხოლო როგორც კი ცოტა გააქტიურდნენ, მაშინვე დიქტატორად გამოაცხადეს პუტინი და ყალბად შეთითხნილი, ტყუილი ინფორმაციებით დაარწმუნეს კიდეც ბევრი ამაში.
კანონის, სამართლის, პროფესიონალიზმისა და მორალის უგულებელყოფამ დაარღვია წონასწორობა ყველგან და ყველაფერში და თავდაყირა დააყენა მოვლენები, როგორც საგარეო ურთიერთობათა სფეროში, ასევე მთელი რიგი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაშიც. გრძელდება ისევ კოლექტიური დასავლეთის „ჰუმანური ინტერვენციები“ და ნატო დევიზით: „დავამხოთ დიქტატურა და დიქტატორები“, იარაღით ხელში და საოცარი ტერორისტული აქტებით განაგრძობს ჩარევებს დამოუკიდებელი ქვეყნების საქმეებში. ევროპამ დაინახა უკვე თავისი კატასტროფული მომავალი და მიხვდა იმასაც, რომ მხოლოდ რუსული გაზის იმედით არსებობდა მათი ეკონომიკა, ის იყო მათი ეკონომიკის წარმატების მთავარი გარანტი. გააცნობიერეს ისიც, რომ გერმანია და ავსტრია არიან მსოფლიო ბაზარზე ამერიკის ძლიერი კონკურენტები და სწორედ ამიტომ ააფეთქებინა ბაიდენმა ევროპას რუსეთიდან შემომავალი გაზის უნიკალური მილები. მსოფლიო გააოცა და აღაშფოთა ამ ყოვლად უაზრო ტერორისტულმა აქტმა, ამ საშინელმა ვანდალიზმმა, რაც თავისივე ხელით მოუწყო ევროპამ თავის ეკონომიკას, თავის ხალხს და მთელ საზოგადოებას; და ეს დღეს XXI საუკუნეში, როდესაც ადამიანის ყოველ მოქმედებას უნდა მართავდეს აზრი, გონება და მორალი. დგანან ახლა ისინი გაოგნებულები ამ სავალალო ფაქტის წინაშე და აღარ იციან როგორ აამუშაონ თავიანთი ქარხნები. მტერი ვერ გაუკეთებდა ევროპას იმას, რაც თავიანთ თავს თვითონვე გაუკეთეს.
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ბუნდენსტანგში, სარა ვაგნეკნეხტის მწვავე გამოსვლის შემდეგ, აუდიტორიის დიდი რეაქციის გამო, შოლცი იძულებული გახდა ისტერიულ მდგომარეობაში დაეტოვებინა დარბაზი. მომხსენებელი კატეგორიულად მოითხოვდა ნატოს დაშლას და აკრიტიკებდა ამერიკის იმ უაზრო პოლიტიკას, რამაც გერმანია აქცია ფინანსურ კოლონიად და ასეთივე ბედს უმზადებდა სხვა ქვეყნებსაც. ამ მშვენიერი და კარგად მოაზროვნე ქალბატონის გამოსვლასთან დაკავშირებით, ვიღაც გონიერმა კომენტატორმა აღნიშნა: „ეტყობა მომხსენებელს კარგად აქვს წაკითხული მარქსი“-ო. ჩვენ როდის მივხვდებით, ნეტავი, ამას?! არა და სეპარატისტული იდეოლოგია, ამერიკული დაფინანსებით, დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ჩვენს ტერიტორიაზეც და ყოველგვარი იარაღის გარეშე, კარგად ორგანიზებული იდეოლოგიური შემოტევებით, ჩვენივე ხელით, გვანადგურებინებს ჩვენს ქვეყანას. თავიანთი მიზნებისა და ინტერესების მიხედვით შეგვიცვალეს მათ, ქვეყანაში მოქმედი კანონები, ქცევის წესები და გამოაცალეს ამით მთავარი შინაარსი ჩვენს ტრადიციაზე, მორალზე და კულტურაზე აგებულ იურისპრუდენციას; და დღეს, ყოველი მეორე ე.წ. სამართალდამცავი, გვასწავლის იმას, თუ რა უფლებები აქვთ ლგბტ-ს წევრებს და რომ არასოდეს არ უნდა შევხედოთ ალმაცერად პედოფილს, რათა არ გავაღიზიანოთ ის და არ ავუშალოთ ნერვები. ამ დროს ამ მხეცების მიერ საშინელი წამებით მოკლული ანგელოზივით ბავშვები წვანან მიწაში და გაუბედურებულია რამდენი ოჯახი!
ჩვენ კი პირზე ქაფით გვიმტკიცებენ იმას, რომ მორალს არავითარი კავშირი არა აქვს კანონთან და რომ ჩვენს მოქმედებებში ზნეობაზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ საერთოდ. „საწყალი კანტი“, როგორ ცდებოდა, თურმე, როდესაც თვლიდა, რომ „მორალური არჩევანი“ იყო ჩვენი პიროვნულობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი და როგორ ცდებოდა ასევე ყველა ისიც, ვინც უთვლიდა ამას კანტს გენიალურ აღმოჩენად. „არაფერი არ მაოცებს ისე, როგორც ცის თაღზე ვარსკვლავები და მორალური კანონი დედამიწაზე“ - წერდა კანტი - ამ მორალურ კანონს ებრძვის სწორედ კოლექტიური დასავლეთი!!
და აი, ჩვენც, დავადექით „პროგრესულ“ გზას, გაჩაღდა „მორალისაგან თავისუფალი ქმედებები“, გახშირდა საზარელი მკვლელობები, ადამიანები ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მიზეზით თუ უმიზეზოდ ხოცავენ ერთმანეთს, გვეღუპებიან საუკეთესო ახალგაზრდები, შვილები ძარცვავენ და უპატრონოდ ტოვებენ აღმზრდელებს; ერთმა, როგორც გვითხრეს შეჭამა თურმე კიდეც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თავისი გამზრდელი. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! გვიჩვენეს ეს ქალი, დაპატიმრებული, თავის მეგობართან ერთად; მეორემ კი აგერ, ცოტა ხნის წინ შეუკვეთა ბებიის მკვლელობა... მიდის აგრესიული და მიზანმიმართული ბრძოლა ყოველგვარი ეროვნულის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, დაინგრა მეცნიერება, განათლება და კულტურა; ექიმებმა გადაუსვეს ხაზი მორალს, ყველაზე მთავარს და ძირითადს მათ პროფესიაში; დაივიწყეს ჰიპოკრატეს ფიცი, უმოწყალოდ დახოცეს ადამიანები და გამწარებული დატოვეს უამრავი ოჯახი. გამოძიებები ამ მიმართულებით არ უნდა შეწყდეს! ხალხი ელოდება! ცივსისხლიანი მკვლელობები გახდა ჩვეულებრივი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და მიიღო სისტემატიური ხასიათი. ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. აი ამგვარ ვითარებაში, მოირგო ბევრმა კარგად თავის თავზე ე.წ „ამერიკული თავისუფლება“, „საკუთარი ნების გამოხატვის უფლება“ და თავისი ცხოვრების დევიზად გამოაცხადა ყოვლად უტიფარი და სრულიად არაეთიკური პრინციპი: „მინდა და ვაკეთებ!“, რითაც გაითავისუფლა თავი ყოველგვარი სამართლისა და მორალისაგან.
ყველაზე დაუცველი კი დარჩა ის ადამიანი, ვისშიც ღრმადაა გამჯდარი პატრიოტიზმის და ღირსების გრძნობა, ვალდებულება და სურვილი დაიცვას ქვეყანაში არსებული კონსტიტუცია, კულტურა და ტრადიციები. სწორედ მათ წინაშე დადგა პრობლემა: როგორ გავუმკლავდეთ გაუკუღმართებულ „ამერიკულ დემოკრატიას“ და იმ, ყოველგვარ ზღვარს გადასულ „თავისუფლებას“, რამაც გაანადგურა ქვეყანაში ყველა ისტორიული ფასეულობა, კანონი და მორალი. ვეღარ ხერხდება დღეს ჩვენთან ვერავითარი პირდაპირი, საქმიანი, პროფესიონალური და ზნეობრივი კომუნიკაცია ადამიანებს შორის, რის გარეშეც შეუძლებელია დღევანდელ, ახალ, დინამიურ, წინააღმდეგობებით და შემთხვევითობებით სავსე რეალობაში, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის რაციონალური კვლევა, ანალიზი, დასკვნის გამოტანა და ადექვატური გადაწყვეტილების მიღება. არადა, აშკარაა, რომ სწორედ „სიტყვის თავისუფლებისა“ და ე.წ. „დემოკრატიის“ პირობებში, საჭირო კი არა, აუცილებელია არგუმენტირებული კამათი და დისკუსია, იმისათვის, რომ გაირკვეს და დადგინდეს სიმართლე და არ გადავეშვათ უაზრო, არაფრის მომცემ ლაყბობაში.
ოცი წელი კამათობდა ბორი და აინშტაინი ერთმანეთთან იმისათვის, რომ დაედგინათ რომლის აზრი იყო სწორი და გარკვეულიყვნენ ჭეშმარიტებაში; და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რა მოხდებოდა, რომ ეთქვა აინშტაინს, ამ დროს, ბორისათვის: „მე ჩემი აზრი მაქვს და არ მსურს შენი აზრების მოსმენაო!“ - არადა დამეთანხმდებით ალბათ, რომ აინშტაინს „ცოტა მეტი“ ავტორიტეტი და უფლება ქონდა ამგვარი განაცხადისთვის, ვიდრე ეს ჩვენს „ახლად გამომცხვარ“ და საეჭვო კვალიფიკაციის მქონე „დემოკრატებს“ გააჩნიათ, რომლებიც გვარწმუნებენ იმაში, რომ კაცს, რომელსაც აქვს საკუთარი „აზრი“, აქვს თურმე უფლებაც არ მოუსმინოს სხვას და უარი თქვას მასთან ყოველგვარ კამათზე. მაგრამ ისმება კითხვა: როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ამ „თავისუფალი დემოკრატის“ აზრი მცდარია? თუ მას ცრუ ინფორმაცია შეაქვს საზოგადოების ცნობიერებაში, წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და იწვევს ხალხში დესტაბილიზაციას? ან კიდევ: თუ ის ყოველგვარი საბუთის და მტკიცებულების გარეშე ლაფში სვრის და შეურაცხყოფს უდანაშაულო ადამიანს? რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ? გავჩერდეთ და ხმა არ ამოვიღოთ? თუ მივმართოთ სასამართლოს, რომელიც რასაც წარმოადგენს კარგად არის ყველასთვის ცნობილი.
სხვათაშორის ეს მეთოდი სოროსელების მიერ, ერთ-ერთი, კარგად დამუშავებული მეთოდია: „დაამცირე და შეურყიე ავტორიტეტი ყველას, ვისაც კი რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე!“ გახსოვთ, ალბათ როგორ გამოაცხადეს ნარკომანად გიორგი გახარია; ხოლო როდესაც გაოცებულმა ჟურნალისტმა კითხა ამის მთქმელს: თავად თქვენ თუ გჯერათ იმისი, რასაც ამბობთო? პირმა უპასუხა: „მე ვთქვი და ახლა გახარიას პრობლემაა დაამტკიცოს მართლა ასეა ეს თუ არაო“. გახარიამ რა თქმა უნდა დაამტკიცა და მოხდენილად დაუსვა წერტილი ამ ამბავს; მაგრამ მალე აღმოჩნდა ისევ ახალი პრობლემის წინაშე: ამჯერად მოთხოვეს მას „პოლიტიკური განათლების დონის ამაღლება“ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო კამათში!!! ხედავთ რა გვჭირს?! იტყვის ვიღაც შენზე აქლემიაო და ამტკიცე მერე შენ, რომ არა ხარ აქლემი. ამ დროს ქვეყანაში უამრავი საქმეა გასაკეთებელი, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი გვიკიდია ყველას თავზე და, თუ ღმერთმა ქნა და გამოჩნდა კაცი, საქმის ნამდვილად გამკეთებელი, იწყება უმალვე მისი ლანძღვა და ქვების სროლა მისი მიმართულებით.
მე არასდროს ვყოფილვარ, მაგალითად, მიშა სააკაშვილის დამცველი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაგვიკეთეს მის დროს უნივერსიტეტის პროფესურას; მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ხშირად ვისმენდი მიშას გამოსვლებს უკრაინაში: შუსტერთან, მიტინგებზე, სხვადასხვა სემინარებზე და შეხვედრებზე და თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მისი ბრძოლა კორუფციის, ბიუროკრატიის, ნეპოტიზმის და სასამართლო რეფორმების შესახებ იყო ნამდვილად სწორი და შედეგის მომტანი. ერთ-ერთ მიტინგზე, სადაც მიშა სიტყვით გამოდიოდა, მის გვერდით, ცოტა მოშორებით, იდგა სანდრა; ის იყო ოდნავ გაფითრებული, ღელავდა და თან ხელები ქონდა მოხვეული უმცროსი ვაჟისთვის, რომელსაც თითქოს რაღაცისაგან იცავდა; ვაჟი კი ამ დროს, თვალებგაბრწყინებული შეცქეროდა მამას, უსმენდა მას და ვერ გრძნობდა ვერავითარ საფრთხეს იმ მომენტში. საფრთხე კი ნამდვილად არსებობდა! სანდრა ხედავდა ამას და როგორც კარგმა დედამ და კარგმა მეუღლემ მშვენივრად იცოდა ისიც, რომ მიშას კიდევ დიდხანს მოუწევდა ამგვარ სიკვდილ-სიცოცლის ხაზებზე სიარული; რაც გრძელდება კიდეც დღემდე.
ასეთ ვითარებაში მწყინს ნამდვილად, როდესაც ამბობენ: „მიშამ დაყიდა საქართველოს მიწები“, „მოკლა ჟვანია“, „აწამა და დახოცა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა“, „მიიტაცა და მიითვისა საქართველოს ქონება“, „მოკლა დავითაშვილი“... და ა.შ. და ასე ბევრი, ძალიან ბევრი! როდემდის? მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ არ მინდა ნამდვილად, რომ მიშა შეიწყალონ! ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა მისთვისაც და ხალხისთვისაც; თანაც, მართალი გითხრათ მჯერა ისიც, რომ მიშა ძალიან ჭირდება ისევ საქართველოს და ისიც, რომ ბოლოს აუცილებლად ითქმება სიმართლე! ამიტომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება ალბათ, თუ გადაიდება სასამართლო პროცესი და შემდეგ, როდესაც მიშა ფეხზე დადგება, ნამდვილად დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოზე, თავის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან გამოსვლაში, ილაპარაკებს ის, საქართველოს პრობლემებზე, ისეთივე ზუსტად, შემართებით და გაბედულად, როგორც აკეთებდა ამას უკრაინელებისათვის უკრაინაში. თუ დამნაშავეა მიშა დაისაჯოს, არავინ არ იქნება ამის წინააღმდეგი, მაგრამ სასამართლო დადგენილების გარეშე კაცი ბრალდებულად არ უნდა ცხადდებოდეს და პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ამღვრევს წყალს და დესტაბილიზაცია შეაქვს ამით საზოგადოებაში.
გაგახსენებთ, რომ თავის დროზე, სოკრატე ამბობდა, რომ დასჯადი უნდა იყოს არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაც, თუ მას დაბნეულობა შეაქვს ხალხში და მცდარი გზისკენ უბიძგებს ადამიანებსო. სოკრატე პრინციპული წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ლაყბობის და სავსებით მართალი იყო ამაში. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ალმაცერად უყურებენ „დემოკრატიას“ და სრულიადაც არ თვლიდნენ, რომ ყველა აზრი, რაც კი ვინმეს თავში მოუვიდოდა, ერთნაირად უნდა ყოფილიყო ხალხის მიერ მოსმენილი და აღქმული, ამიტომაც იყო, რომ ჭეშმარიტების გასარკვევად და დასადგენად, დაგვიტოვეს ბერძნებმა კრიტიკული თეორიული აზრის განვითარების ისეთი სასწაული, როგორიცაა „ევკლიდეს გეომეტრია“, „არისტოტელეს ლოგიკა“ და კიდევ კამათისა და დისკუსიის ჩატარების უდიდესი გამოცდილება და წესები. სწორედ ამის წინააღმდეგნი არიან ნეოლიბერალები, რომელნიც თვლიან, რომ „დემოკრატია“ და „ნების გამოხატვის თავისუფლება“ აძლევთ მათ უფლებას ჭეშმარიტებად მიიჩნიონ ყველა თავისი აზრი და პრინციპულად არ სურთ არავისთან არავითარი კამათი. „თავისუფლება“ კი ამ დროს, მოითხოვს, ყველასაგან, პასუხისმგებლობას და მკაცრი საზღვრების დადგენას ყველგან, ყოველ დროს და ყველაფერში.
ამ ცოტა ხნის წინ ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც, რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველის პოსტზე იყრიდა კენჭს და თანაც ძალიან დაინტერესებულია საკითხით „გვეკუთვნის თუ არა ჩვენი სხეული ჩვენ“, ერთ-ერთ არხზე, ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ხომ მაინც ვიცით კარგად, რომ ლექსო ლაშქარავა არავის მოუკლავსო“ და საკმაოდ არაორაზროვნად მიუთითა იმაზე, რომ მის სისხლში ნარკოტიკი აღმოაჩინეს. დავუშვათ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ, ჯერ ერთი, ამას ცოტა სხვაგვარად უნდა თქმა და არა ასე სხვათაშორის და უპასუხისმგებლოდ და მეორეც: ისმება კითხვა: ნარკოტიკმა ამოუგდო თვალი ლექსოს და ნარკოტიკმა დააგდო ის იმგვარად უმოწყალოდ ნაცემ-ნაბეგვი იატაკზე? ესეთი სიტყვები ხომ გადარევს მის კოლეგებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ არსებობდა ბევრი მიზეზი, რისთვისაც თავისუფლად შეიძლებოდა, შურისძიების მიზნით, გასწორებოდნენ ლაშქარავას! და საერთოდაც ის დღე, ძალიან ჩამოგავდა შურისძიებას ჟურნალისტებზე. ამიტომ სიმართლე ან ბოლომდე უნდა ითქვას, ისე, რომ ყველაფერი გაირკვეს და აღარავითარი ეჭვი აღარ დარჩეს შემდეგ, ან საერთოდ არ უნდა ითქვას არაფერი, თუ არ გვინდა ისევ ვითარების გამწვავება და მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. სამწუხაროდ ლექსო აწი ვერავის ვეღარაფერს უპასუხებს, მაგრამ სააკაშვილს მაინც მივცეთ ნორმალურად სასამართლოზე წარდგენის უფლება ვიდრე ჯერ კიდევ სუნთქავს და ჯერ კიდევ ცოცხალია. ხალხს სურს სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, რადგანაც სიმართლე არის ზნეობა პოლიტიკაში.
უდავოა, რომ პროგრესი მოაქვს მხოლოდ ინდივიდუალურ თავისუფლებას, როგორც შემოქმედებით აქტს; ესაა: კანტი, ჰეგელი, ნიცშე, აინშტაინი, ბორი, ჰაიზენბერგი, ვაგნერი, დალი... მაგრამ დიდი წარმატებები მოაქვს აგრეთვე, კაცობრიობისათვის, საზოგადოებრივი ინტერესების, ისტორიული და რელიგიური ღირებულებების, კულტურის, განათლების, ტრადიციებისა და მორალის დაცვასაც. ისინი და სწორედ ისინი ქმნიან ადამიანისათვის რეალობის ადექვატური ხედვისა და აღქმის საფუძველს, გადააქვთ ინტელექტუალური გააზრებისა და განცდის უნარი თაობიდან თაობაზე, ავითარებენ საზოგადოებაში მოვლენათა ადექვატური შემეცნებისა და შეფასების კულტურას; არაადექვატურობა აჩენს პრობლემებს ჩვენს ირგვლივ. პუანკარე წერდა: „მართალია ზნეობა მეცნიერული კატეგორია არ არის, მაგრამ მე მთელი ჩემი ეთიკური მახასიათებლები ამოვიღე მათემატიკიდანო“ - გენიალურადაა ნათქვამი. მეცნიერებაში აუცილებელია ფაქტების სიღრმისეული კვლევა, სერიოზული ანალიზი და დაუშვებელია ტყუილი. ასევე მორალიც ითხოვს ყოველთვის და ყველგან მხოლოდ სიმართლეს! ბევრს ამ დროს პრინციპულად არ მოსწონს და არ უყვარს სიმართლე, არ სურს მისი მოსმენა და აღიარება. ჩვენი ეპოქა კი დღეს ისეთია, რომ ვეღარ იქნება უკვე მასში ვეღარაფერი დამალული და დაფარული. უაზროა ამიტომ დღეს ნერვიულობა რაღაც უკანონო მოსმენებზე და უკანონო ჩანაწერებზე, უბრალოდ უნდა შევძლოთ და მივეჩვიოთ ცხოვრებას სიმართლეში; მაგრამ მთელი სირთულე კიდევ იმაშია, რომ „ჭეშმარიტება“ მეცნიერებაშიც კი აღმოჩნდა ფარდობითი. ადამიანს ვერასოდეს ვერ ექნება სრული ინფორმაცია ვერცერთ პრობლემაზე და ძალიანაც, რომ სურდეს ვერ გაერკვევა მაინც „ბოლომდე“ სიმართლეში, რადგანაც „აბსოლუტი“ არ არსებობს! კლასიკური ეპოქა დამთავრდა! „Мир танцует на ногах случайности!“ - განაცხადა ნიცშემ და დაურღვია კაცობრიობას სიმშვიდე. მან პირველმა იგრძნო, რომ სამყარო სავსეა წინააღმდეგობებით და განუზღვრელობებით და რომ ღმერთი არ ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „გაანძრიე ხელი და გეშველებაო“ ეუბნება ღმერთი დახმარების მთხოველ კაცს და აძლევს მას „თავისუფლებას“ იმისათვის, რომ თავად გააკეთოს მან ცხოვრებაში თავისი რისკით სავსე და სახიფათო არჩევანი, მარამ პასუხიც აგოს შემდეგ ამ არჩევანზე. სამწუხაროა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე არავის არ უნდა, მას ყველა გაურბის. ამიტომაც თქვა სარტმა: „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო“, ხოლო ჰაიდეგერმა კი დაწერა: „ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში!“. დოსტოევსკისთან კი ამგვარი თავისუფლებით შეშინებულმა და თავზარდაცემულმა გმირმა იყვირა: „ღმერთი არ არის ე.ი. ყველაფერი ნებადართულია?!“ საქმეც იმაშია, რომ არ არის ყველაფერი ნებადართული, მაგრამ ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, თვითონ უნდა გაარკვიოს ის, რისი გაკეთების უფლება აქვს მას და რისი არა! ძნელია? რა თქმა უნდა! მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის ამიტომ უწოდა ბერდიაევმა ჩვენს რელიგიას „გმირთა რელიგია!“ ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს კი „შემოქმედი“, „Человек – это творчество!“ თქვა მან. კოლექტიური დასავლეთი კი ხმალამოღებული ებრძვის ამ რელიგიას, არ ცნობს არც თანამედროვე მეცნიერულ და ფილოსოფურ აზროვნებას, უარყოფს დიალექტიკის უდიდეს თეორიას და ვერ ხედავს ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსს და მნიშვნელობას მოვლენათა ანალიზისა და შეფასების პროცესში. ამ სერიოზული ინფორმაციის გამოუყენებლობამ დააყენა სწორედ დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება საოცრად პრიმიტიულ დონეზე და ამიტომაც არის რომ დღეს კანტის, ნიცშეს, ჰეგელის, მარქსისა და სხვა უდიდესი მოაზროვნეთა ქვეყნებში პოლიტიკური აზროვნება დაადგა სრული დეგრადაციის გზას, რაც მათთვისაც, ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ძალიან მტკივნეული პროცესია. ყველა ქვეყანაში სადაც კი ისინი შევიდნენ შეიტანეს პორნოგრაფია, მოსპეს მეცნიერება, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემები, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და გაანადგურეს კულტურა და მორალი, ყველაფერ ამას კი, მათი აზრით, ეწოდება თურმე, „პროგრესი“.
სიახლე კი, რაც ახალმა თეორიულმა აზრმა და კულტურამ შემოიტანა ჩვენს ეპოქაში, ძალიან დიდია; მან უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა ადამიანს მოქმედებაში, რამაც ძალიან დააფრთხო და შეაშინა ადამიანი. „ყოველივე ეს მოგვაგონებს მდუღარე ნავთის დალევას“ - დაწერა ამასთან დაკავშირებით ცნობილმა მხატვარმა (კუბისტი) ბრაკმა. სხვათაშორის ეს იყო სწორედ აინშტაინისა და ბორის ოცწლიანი დავის საგანიც. აინშტაინს სიცოცხლის ბოლომდე არ სურდა დაეჯერებინა, რომ „ღმერთი თამაშობს კამათელს“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შემთხვევითობა, ალბათობა და განუზღვრელობა ჩვენი სამყაროს ძირითადი მახასიათებელი ნიშნებია; ანუ „ღმერთი თამაშობს კამათელს“, თამაშობს და მერე როგორ!! კლასიკური ეპოქა დამთავრდა, გამოვემშვიდობეთ „აბსოლუტს“ - თავზეხელაღებულმა ნიცშემ განაცხადა: „მე ვიწამებ მხოლოდ ისეთ ღმერთს, რომელსაც შეუძლია ცალ ფეხზე ცეკვა!“ ხოლო ბორმა კი იმ ეპოქიდან, სადაც გრიგალივით შემოიჭრა ფიზიკაში - ჰაიზენბერგი, ფილოსოფიაში - ნიცშე, მუსიკაში - ვაგნერი და ფერწერაში - დალი, კლასიკური აზროვნების უკანასკნელ მოჰიკანს უთხრა: „კარგი აინშტაინ, ღმერთი არ თამაშობს კამათელს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ის მხოლოდ იმას აკეთებს რასაც შენ უბრძანებო!“ აინშტაინმა ამაზე უპასუხა: „მე სხვა პასუხი ამჟამად შენთვის არ მაქვს, მაგრამ იმდენად მეზიზღება ყოველივე ეს, რომ მაინც არ ვაღიარებო“! და მართლაც, მან ბოლომდე არ აღიარა შემთხვევითობებით, წინააღმდეგობებით და განუზღვრელობებით სავსე სამყარო; სამყარო, რომელმაც უარყო ყოველგვარი აბსოლუტის არსებობა, შეაშინა, დააფრთხო და წონასწორობა დააკარგვინა ადამიანს: „თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, თითქოს ბროლის კოშკი დამენგრა თავზე“ - თქვა მაშინ აინშტაინმა.
აი, ეს რეალობა დგას დღეს ჩვენს წინაშე, რეალობა სადაც ძალიან ძნელია გარკვევა, ორიენტირება და გადაწყვეტილების მიღება; მით უმეტეს ისეთ ურთულეს არეზე, როგორიცაა საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები და პრობლემები პოლიტიკაში. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ესოდენ არაადექვატურად გამოიყურება დღეს მსოფლიოში ბევრი პოლიტიკოსი. მათ უჭირთ წინააღმდეგობათა და განუზღვრელობების გააზრება თავიანთ სფეროში, განსაკუთრებით კი ეს უჭირს დასავლეთს, რომელმაც საერთოდ უარყო დიალექტიკის თეორია და ამიტომაც არის, რომ კურიოზულ შეცდომებს უშვებს თავის ყოველ ანალიზში, ფაქტების კვლევასა და პროგნოზირებაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ცვლილებამ თავი იჩინა პირველად ისეთ, ყველაზე ზუსტ დარგში, როგორიცაა მათემატიკა: ეს იყო პარადოქსები სიმრავლეთა თეორიაში, რაშიც ბრწყინვალედ მუშაობდა ანდრია რაზმაძე, ლევან მოკიელი, ფიზიკაში: ვ. მამასახლისოვი, გ. მირიანაშვილი, ფილოსოფიაში: კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი და საოცრად საინტერესო და ნაყოფიერი ზურაბ კაკაბაძე. სამწუხაროდ, ჩვენ, დიალექტიკის თეორიის მკვლევარი, არცერთი ამ მეცნიერის ნაშრომი არ გამოვიყენეთ და მსოფლმხედველობრივ პოზიციად ავირჩიეთ მამარდაშვილის ის „ბრძნული თეორია“, რომლითაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, განიზრახა მან „დავესვით გაგიჟებულ მრუდზე“, რაც მშვენივრად გამოუვიდა და დაგვსვა კიდეც! დღემდე ვცდილობთ ჩამოვიდეთ „ამ სიგიჟიდან“, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ჩამოვედით. მიმდინარეობს აშკარა, დაუფარავი იდეოლოგიური ომი და განათლების სამინისტრო არ ფიქრობს არაფერს ახალგაზრდობის მსოფლმხედველობაზე, კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარებაზე, იმაზე, რომ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს დაყენებული ფილოსოფიის სწავლება. მოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა და მათთვის, ყოველივე ეს, საჭიროა და აუცილებელი. მძიმე, ძალიან მძიმე დღეშია განათლების სისტემა, ქვეყნის განვითარების მთავარი საყრდენი და გარანტი; მაგრამ როდის მიხვდება ამას ჩვენი განათლების მინისტრი, რომელიც დღემდე თავის სისტემაში აპიარებს მამარდაშვილის აბსურდიზმს.
როგორც უძლიერესი ჰიმნი მორალზე გაისმის ამ დროს გენიალური კანტის უკვდავი სიტყვები: „იმოქმედე ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისა ქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა!“ ეს არის აზრი და არსი ქრისტიანული რელიგიის, რომელიც გვასწავლის: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას. რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ!“ ამ მორალს ებრძვის სწორედ კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად გამოაცხადა აღვირახსნილი თავისუფლება და ეგოისტური მორალი: „მინდა და ვაკეთებ!“ გააჩარა ინფორმაციული ომი, ერთმანეთში აურია ტყუილ - მართალი და თანაც ეს, მაშინ, როდესაც სიმართლე და სწორი ინფორმაცია ჭირდება, დღეს, ყველაზე მეტად ადამიანს გადაწყვეტილებების მისაღებად და ადექვატური არჩევანის გასაკეთებლად ყველა სფეროში.
ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ ვახსენოთ სოციალური ქსელების მუშაობით უკმაყოფილო ამერიკელი მილიარდერი და აქტიური პოლიტიკოსი ილონ მასკი, რომელმაც თავად აიღო ხელში ამ საკითხის მოგვარება, უდიდეს ფასად შეისყიდა ტვიტერი, რომელიც ლიბერალი დემოკრატებისათვის ყალბი ინფორმაციის გავრცელების მთავარი იარაღი იყო, გაათავისუფლა იქ მომუშავე თანამშრომლების დიდი ნაწილი და სასწრაფოდ აღადგინა დონალდ ტრამპის უსამართლოდ დაბლოკილი აკაუნტი. ილონმა გადაწყვიტა ნამდვილად დაეცვა სიტყვის თავისუფლება და ამ მიზნით ბრძოლა გამოუცხადა ბოტებს და ტროლებს ტვიტერზე. მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერის ამგვარმა რეკონსტრუქციამ, დიდი მატერიალური ხარჯები მოითხოვა, შეიძლება, მაინც, ითქვას, რომ სოციალური ქსელების გასაჯანსაღებლად გადადგმული მასკის ეს ნაბიჯი ნამდვილად გამართლებული, დროული და აუცილებელი იყო. ვერავითარი თავისუფლება ვერ მიაღებინებს ვერავის ადექვატურ გადაწყვეტილებას თუ მას სისტემატურად მიეწოდება ცრუ და დამახინჯებული ინფორმაცია, რასაც აკეთებდნენ, მიზანმიმართულად ტვიტერის საშუალებით ლიბერალები. მასკის ქმედებამ გააღიზიანა დემოკრატები და ილონზე დაიწყო სერიოზული შეტევები ბაიდენის ხალხის მხრიდან. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს დემოკრატებს და მომავალ არჩევნებზე ხმას მისცმეს რესპუბლიკელებს.
დღევანდელი ადამიანი თავისუფალი, თამამი, რისკზე უშიშრად წამსვლელი ადამიანია. მას შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა თავის ყველა მოქმედებაზე, მაგრამ სურს ამავე დროს კანონიერი და ზნეობრივი ურთიერთობები ადამიანებთან ყველგან და ყველა სფეროში. ის ცდილობს მოიაზროს ახალი სამყაროს კონტურები, გაიცნობიეროს ჩვენი შემთხვევითობებით და წინააღმდეგობებით სავსე ეპოქის რთული მსოფლმხედველობრივი პარადიგმა და მიხვდეს იმას,თუ რა გზებით და რა მეთოდებითაა შესაძლებელი ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით არსებული მოვლენების ადექვატური შემეცნება და შეფასება; რათა არ შეგვეშალოს რაიმე და არ დავუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები მოქმედებაში.
ყოველივე ეს კი ცალსახად მიუთითებს უკვე იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი ცხოვრების წესების სერიოზული კორექტირება და კონსტრუქციული დიალოგი ყველგან, ყველასთან და ყველაფერში. არ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, საშინაო იქნება ის, თუ საგარეო, მიმართული იყოს სხვა, რომელიმე ქვეყნის საკეთილდღეოდ და რაც მთავარია ვერავინ ვერ უნდა გვახვევდეს თავს სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე ცხოვრების წესებს, გვიყალიბებდეს მათ ახალი კანონების სახით და გვარწმუნებდნენ თანაც იმაში, რომ მორალს, რომლითაც ხელმძღვანელობდა საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორია და კულტურა, აღარავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს თურმე ქართველი კაცის ცხოვრებაში და მოქმედებაში; და ეს მაშინ, როდესაც, ჩვენი ეპოქის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებაში, წინა პლანზე დგას და აქტიურად განიხილება სწორედ „მოქმედების“ პრობლემა. აი ასეთ ვითარებაში ამერიკა სისტემატურად ერევა ისევ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მმართველობაში, შინაგანად ანგრევს ამ ქვეყნებს, ებრძვის ყოველგვარ ისტორიულ წესრიგს მათთან, კანონს, ტრადიციას, კულტურას და ამკვიდრებს თავისი ინტერესების ამსახველ სოროსის იდეოლოგიას, რაც წარმოშობს მუდმივ წინააღმდეგობებს და უთანხმოებებს სხვადასხვა ქვეყნებს შორის და შეუძლებელს ხდის მსოფლიო წესრიგის არსებობას საერთაშორისო ურთიერთობათა დონეზე. კოლექტიური დასავლეთისა და ამერიკული ინტერვენციონალიზმის შედეგია სწორედ ფერადი რევოლუციები და უამრავი ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი თავიანთ პოლიტიკას აგებენ ტყუილზე და ცრუ ინფორმაციებზე და აბრალებენ ყოველთვის სხვებს იმას, რასაც თავად ჩადიან და აკეთებენ. მთავარი იარაღია, ამ დროს მათთვის ინფორმაციული ომი და მოგონილი, შეთითხნილი ფაქტებით საზოგადოების გაოგნება და შეცდომაში შეყვანა. ყოველივე ამასთან ბრძოლა კი შესაძლებელია მხოლოდ სიმართლით, რადგან ტყუილს ეშინია სიმართლის და მხოლოდ სიმართლის. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის და საზოგადოების გონებრივი, ეთიკური და ესთეტიკური სრულყოფით. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ ობიექტური რეალობის ადექვატურ აღქმას და იმასაც, რომ ჩვენი იურისპრუდენცია წარმოვადგინოთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მორალის და ისტორიული ტრადიციების დამცავი კანონებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ანარქია და ქაოსი, ხოლო მტკიცება იმისა, რომ მორალს არა აქვს არავითარი კავშირი კანონთან დაგვღუპავს!! ამერიკა კი ცდილობს ისევ მოახვიოს სხვა ქვეყნებს თავს თავისი ინტერესები და ასე განსაზღვროს შემდეგ ამ ქვეყნებში ადამიანთა ქცევის წესები, რომელთაც მართლაც არავითარი კავშირი არა აქვთ მორალთან და ამიტომაც ზედმეტია მათთვის ცნება „მორალი“. რა „მორალით“ უნდა დახასიათდეს, მაგალითად ამერიკის მიერ ჩატარებული ოპერაციები: ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, ირანში, უკრაინაში... ადამიანების მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაში აფხაზეთში და სხვა. ეს შეცდომები არ არის, ეს ფაშიზმია!! ისევე როგორც ფაშიზმი იყო ჩაკეტილ პალატებში ავადმყოფებისათვის ტელეფონების წართმევა, მათთვის პირად ექიმებთან კონტაქტის აკრძალვა, სრული იზოლაცია და ამგვარ საშინელ წამებაში ადამიანების ჩახოცვა. ფაშიზმი იყო აბა რა იყო კობა დავითაშვილისათვის იმ საშინელი ფორმით ჩატარებული ოპერაცია და ამ გზით ოთხი შვილის მამის მკვლელობა. იმედია ყველა დამნაშავე აგებს პასუხს თავის დანაშაულზე და საზოგადოებაც გაიგებს კარგად რა „პროგრესიც“ მოგვიტანა ამერიკულმა „დემოკრატიამ“, „თავისუფლებამ“ და მორალური შინაარსისაგან მთლიანად დაცლილმა „ლიბერალიზმმა“.
და ბოლოს: ნუთუ თავისი ქვეყნის ჟურნალისტებიდან მარგარიტა სიმონიანიზე უფრო დასაჯილდოებელი ვერავინ ნახა რუსეთის პრეზიდენტმა?! ამ ქალბატონმა ხომ, მრავალჯერ, თვითონ პრეზიდენტი ჩააყენა ძალზედ უხერხულ მდგომარეობაში ყაზახეთთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან მიმართებაში; ასევე უქმნის ის ბარიერებს ფაშინიანს მუშაობაში, თანაც ეს მაშინ, როდესაც სომხეთის პრეზიდენტმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი ყაზახეთში შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვასა და დაწყნარებაში. ყველგან, სადაც კი სიმონიანი გაეკარა, შექმნა თავისი აგრესიულობით, დაძაბულობა, კონფლიქტები და არასწორი მიმართულებით წარმართა პროცესები. ქართველებიც ხშირად ღიზიანდებიან მისი სეპარატისტული ხასიათის გამოსვლებით, მით უმეტეს, რომ დღემდე არ არის გამოძიებული ის, თუ რას წარმოადგენდა და ვისი ინტერესებით მოქმედებდა აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონი და რატომ უსწორდებოდნენ ისინი ასე ფაშისტურად ქართველებს თავიანთ ტერიტორიაზე; ან ვინ და რატომ ცხოვრობს დღესაც ჩვენი ლტოლვილების სახლებში?! მაქსიმ შევჩენკო, რომელიც სასიამოვნოდ გამოირჩევა, ყოველთვის თავისი ადექვატურობით პოლიტიკურ აზროვნებაში, სამართლიანად გვაფრთხილებს ქართველებს: ფრთხილად იყავით ქართველებო, არ გექცეთ აფხაზეთი მეორე ყარაბახათო! ამის რეალური შესაძლებლობა კი ნამდვილად არსებობს! აფხაზეთი ძალზედ სერიოზული პრობლემაა და მას კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა აღარავისგან არ სჭირდება, რასაც ძალიან ხშირად აკეთებენ საზღვარგარეთის სპეცსამსახურებიდან კარგად დაფინანსებული ჟურნალისტები: აქაც, ყარაბახშიც და ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდებათ. ძალიან ბევრი რამ არის გამოსაძიებელი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებითაც, რადგანაც ისტორიულად არც აფხაზებს და არც ოსებს ამგვარი კონფლიქტები ქართველებთან არასოდეს არ ქონიათ. ეს ომები ჩვენზე, გარედან ძალად თავს მოხვეული ომებია. ამასთან დაკავშირებით ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ სავსებით სწორად გამოუცხადა ოლონ მასკმა ბრძოლა, ყალბი ინფორმაციებისა და სეპარატისტული ხასიათის გზავნილების გავრცელებას სოციალურ ქსელებში. დროა მივხვდეთ, რომ ვერავითარი რაციონალური პოლიტიკა ცრუ ინფორმაციებით და ამერიკის მიერ დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტებით ვერ შეიქმნება და ვერ გატარდება!
ერთიც: ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის ის, თუ ვის დააჯილდოებს და ვის არა რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ თუ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების რეალური დათბობა, და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს, ნამდვილად, ასეა, მაშინ მან წინა პლანზე უნდა წამოსწიოს რაციონალურად და ადექვატურად მოაზროვნე ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომელნიც სწორად და ეფექტურად მიიტანენ ხალხამდე აუცილებლად ჩასატარებელი რეფორმების შინაარსს, სიმართლეს, ყოველგვარი დამახინჯებების გარეშე და რაც მთავარია იმუშავებენ ყოველთვის ერთი და იგივე საბაზისო პრინციპებით: თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვა და შენარჩუნება!! სიმონიანი კი ამას ყველაფერს პრინციპულად არ აკეთებს!!!
იგივე უნდა ითქვას ჩვენს მთავრობაზეც, თუ ვერ შეძლებს ის ამ საბაზისო პრინციპებით მუშაობას, ვერ დაიცავს კანონს და სამართალს ქვეყანაში და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ღირსეულ და გამართულ ფუნქციონირებას, მაშინ უნდა გადადგეს ის და შეიცვალოს! ყოველთვის, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა არ ვარგა! მაგრამ ქუჩებში ვერავითარი რეფორმა ვერ ჩატარდება. ყოველ მნიშვნელოვან ფაქტს და მოვლენას სერიოზული პროფესიონალური შესწავლა, სიღრმისეული ანალიზი და ყოველი მხრიდან გააზრებული დასკვნის გამოტანა ჭირდება. ჩვენ გვღუპავს: არაორგანიზებულობა, ურთიერთდაპირისპირება, უპასუხისმგებლობა და მიღებული დადგენილებების სისტემატიური შეუსრულებლობა. „დემოკრატია“ და „ლიბერალიზმი“ უნდა იჯდეს, ყოველთვის, ეროვნული ინტერესების ფარგლებში, თუ გვსურს რეალური შედეგების მიღწევა და ქვეყნის გადარჩენა; ხომ ხედავთ როგორი მყარი იდეოლოგიური ხერხემალი ჩამოუყალიბა რეალობასთან ამგვარმა მიდგომამ ბელორუსიის პრეზიდენტს?! მან შესანიშნავად იცის უკვე დღეს, რისი გაკეთება სურს ქვეყნის შიგნით და როგორ უნდა დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები ქვეყნის გარეთ და არც ერთი წუთით თავის ხაზსს არავის ინტერესების გამო არ გადაუხვევს. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენც აუცილებლად გვჭირდება: ეროვნულ, რაციონალურ იდეოლოგიაზე დამყარებული, ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა - ამას შეეწირა თავის დროზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი! დღეს კი ბევრი ქვეყანა მიხვდა უკვე, რომ უნდა შეინარჩუნოს აუცილებლად თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ იმაშიც, რომ თუ დაფასდება პროფესიონალიზმი, თუ კანონი იკანონებს, თუ იარსებებს და იმუშავებს სამართალი და ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში გვეცოდინება სიმართლე, მაშინ ხალხი შეძლებს შეუძლებელს და გამოვალთ კრიზისიდან - კოლონიალიზაციის დრო დამთავრდა და „მსოფლიო წესრიგი“, როგორიც ამერიკის დიქტატი უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც უნდა შეიცვალოს და დამთავრდეს ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თარეში... ისე, რომ გვპირდებოდა საქართველოს მოქალაქე იგორ გიორგაძე ახლა ჩამოვალო, ახლა ჩამოვალო, სად არის? ხანდახან მაინც შეგვეხმიანოს, იმედი მოგვეცემა; დღეს ის ძალიან ჭირდება საქართველოს.
ზოგჯერ მგონია, რომ სააკაშვილი და ზელენსკი ბოლოს ძალიან გაგვაოცებენ, ეტყობა მერაბიშვილსაც ბევრი რამე აქვს სათქმელი. ვხედავ იმასაც, რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან, მათ გააჩნიათ ვაჟკაცობა იარსებონ მთელში, მზად არიან მოქმედებისათვის და იმისთვისაც, რომ პასუხი აგონ შემდეგ თავიანთ მოქმედებაზე, ოღონდ ითხოვენ თანასწორუფლებიანობას, ურთიერთპატივისცემას და კანონის დაცვას ყველგან და ყველაფერში. ამ ახალგაზრდებს გვერდში დგომა და მხარდაჭერა ჭირდებათ! გავერთიანდეთ და „ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!“ გვახსოვდეს, რომ, ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით! და ისიც, რომ „დემოკრატია“ და „ლიბერალიზმი“ დიქტატურის გარეშერ წარმოშობს ანარქიას.

კომენტარები: 0