პოლიტიკა
ბატონო ლადო! ცნობთ თუ არა „აკადემიურ თავისუფლებას“?
22 თებ 2016
(ეს თემა ისევ აქტუალურია)
უნივერსიტეტის გაზეთში ორჯერ (2011 წ. #3 და 2015 წ. #15) გამოვაქვეყნე წერილები: „იწყება ახალი დიალოგი სამყაროსთან“ და „ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, როგორც დღევანდელი ადამიანის სამყაროსთან დიალოგის საფუძველი“. ორივეჯერ დავსვი საკითხი განათლების სისტემაში ფილოსოფიის სწავლების ინოვაციური ფორმების, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარების შესახებ. ასევე ორჯერ მოგმართეთ განცხადებით: (#37838/22 05.12.2013 წ. და #1925 26.01.2015 წ.), რომ მიგეღეთ და მოგესმინათ ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, თქვენგან ორჯერვე მივიღე უარი. ეს რატომ, თქვენ ამ საკითხებს ყურადღების ღირსად არ თვლით?
„აკადემიური თავისუფლების“ ამგვარი იგნორირების შედეგია სწორედ ის, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მონაწილეობას ვერ იღებს ე.წ. „ჩარეცხილ“ პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია არააგრესიული, კულტურული, პროფესიული მუშაობის ფორმატში. ბატონო ლადო! ნუთუ ძნელი იყო ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში შექმნილიყო განათლების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სემინარი, სადაც მსურველს შეეძლებოდა გამოეთქვა თავისი აზრი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რითაც ნამდვილად შეიქმნებოდა უნივერსიტეტში იმაზე უკეთესი ატმოსფერო, ვიდრე დღეს არის.
ახლა ისევ ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ფორმირების შესახებ, ანუ საკითხზე, რომელსაც თქვენ რატომღაც იგნორირება გაუკეთეთ: დრომ მწვავედ დააყენა იმ ფართო შესაძლებლობების რაციონალური გამოყენების საკითხი, რასაც იძლევა ინტერნეტი. ამან მოითხოვა სწორედ რეფორმები განათლების სისტემაში და შემეცნების ახალი ფორმების და მეთოდების შემოღება. დღეს აუცილებელია - ადამიანს გაუჩნდეს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის სურვილი; იგი უნდა იყოს არა მხოლოდ კომპიუტერიდან მიღებული ინფორმაციის პასიური მომხმარებელი, ანუ ჩაარტყას მხოლოდ თითი კლავიშს და მოისმინოს ან ნახოს რაიმე უკვე არსებული, არამედ ეცადოს, ამავე დროს, შექმნას ახალი და დაეხმაროს საზოგადოებას დროის შესაბამისი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის შემუშავებაში.
მოწოდება: „ვიცხოვროთ ჩვენს დროსთან ერთად!“ - მთავარი მოწოდებაა დღეისათვის, როდესაც მწვავედ დგება სხვადასხვა სფეროში ტოპ-მენეჯერთა მომზადების საკითხი. განათლების სისტემას კი ამ დროს მოეთხოვება აღზარდოს და განავითაროს ინდივიდში ინიციატივის გამოვლენის უნარი და მოქმედებაში კოორდინაციის თვისება. თავისუფალმა ადამიანმა დღეს უნდა შეძლოს ადეკვატური მოქმედება, გადაწყვეტილების დროულად მიღება და მას უნდა გააჩნდეს თანაც დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა. იგი უნდა იყოს კვალიფიცირებული, მოუსმინოს სხვას და გაიზიაროს სხვისი აზრი ყოველთვის, როდესაც ეს საჭიროა. ანუ ადამიანი მუდმივად უნდა ისწრაფოდეს განვითარებისა და სრულყოფისაკენ, ახალი ტექნოლოგიების დაუფლებისკენ, უნდა შეეძლოს თავის შრომით კოლექტივთან და, საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ახალი მოთხოვნების რეჟიმში დღეს მუშაობას ახერხებენ მხოლოდ საბანკო სისტემები.
ერთობლივი მუშაობის კულტურა და კრიტიკული თეორიული აზროვნების უნარი ადამიანის თანდაყოლილი თვისებები არ არის, მათ სერიოზული აღზრდა და განვითარება სჭირდებათ. ჩვენი ყოველი არჩევანი უნდა იძლეოდეს სხვებთან ურთიერთმომგებიანი კავშირის დამყარების საშუალებას და უნდა ვგრძნობდეთ იმასაც, რომ ამას ვერ შევძლებთ რეალობის რაციონალური, პროფესიული და ადეკვატური შეფასების გარეშე. ამიტომაც კეთდება დღეს უდიდესი აქცენტი გამოყენებით მეცნიერებებზე, რაც, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ნიშნავს ფუნდამენტურ მეცნიერებათა უგულებელყოფას, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს განათლების სისტემაში. შემოდის სოციუმის მართვის ახალი პოლიტიკა. შესაბამისად, იცვლება სახელმწიფო სტრუქტურები და, პარალელურად, თუ სასწრაფოდ არ შევიმუშავეთ განათლების ახალი ფორმები და მეთოდები, თუ პრინციპულად არ შევცვალეთ რეალობასთან ჩვენი დამოკიდებულების მსოფლმხედველობრივი ფორმატი, მაშინ სულ მალე აღმოვჩნდებით მძიმე მდგომარეობაში. დრო ითხოვს ჩვენგან ახალ და მაღალკვალიფიცირებულ კადრებს და დროის მოთხოვნების შეუსაბამო კადრები უბრალოდ ვეღარ მოახერხებენ დასაქმებას.
თავისი პლუსებით და მინუსებით ყველგან მიმდინარეობს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. ჩვენ ღია ვართ მთელი სამყაროს მიმართ და იძულებული ვართ შევძლოთ ორიენტაცია ამ ზღვა ინფორმაციაში. ჩვენ არ უნდა დავიბნეთ გადაწყვეტილების მიღების დროს, არ უნდა დავუშვათ შეცდომა სიტუაციის შეფასებაში და, რაც მთავარია, არ უნდა დავმარცხდეთ. ძნელია ასეთ პირობებში შეიმუშაო საკუთარი სამოქმედო პოზიცია, შეინარჩუნო ადეკვატური მოქმედების უნარი, ნათლად წარმოადგინო საკუთარ სამუშაო პროექტში განსახილველი პრობლემა და აჩვენო თანაც მისი გადაჭრის ისეთი გზა, რომელიც კოორდინირებული იქნება ამ მომენტისათვის მიმდინარე სხვა პროცესებთან, გაითვალისწინებს მათ ხასიათს და, ხელს თუ არ შეუწყობს, არ შეაფერხებს მაინც მათ განხილვას.
ასეთ ვითარებაში მეცნიერულმა ფილოსოფიამ და მეცნიერებაზე დაყრდნობილმა მსოფლმხედველობამ უნდა დაანახოს სწორედ ინდივიდს დროის მოთხოვნები, კომფორტულად აგრძნობინოს თავი მოქმედებისას, შეაძლებინოს მოვლენებში კოორდინირება და აპოვნინოს ახალი რეალობის შემეცნების და შეფასების ეფექტური გზები. იმაში, რომ შევძლოთ ადაპტირება ახალთან, არ დავუშვათ შეცდომა და გავაკეთოთ ადეკვატური არჩევანი, ყველაზე მეტად გვეხმარება და ყველაზე ნაყოფიერ შედეგს იძლევა დიალოგი პროფესიონალთა შორის, რომელიც ყოველთვის თავისუფალია აბსტრაქტული, პოპულისტური ხასიათის მსჯელობებისაგან და ეყრდნობა მხოლოდ რეალობის მეცნიერული აღქმისა და შეფასების ობიექტურ მონაცემებს. ამრიგად, მხოლოდ პროფესიონალთა შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობით არის შესაძლებელი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების დაძლევა, მხოლოდ ეს გზა არის პროგრესის გარანტი.
ყველაზე დიდი დანაშაულია ასეთ დროს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ერთი ადგილის ტკეპნა და წამოჭრილი პრობლემების იგნორირება. ჭეშმარიტი ლიდერის თვისება უნდა იყოს არა სიტუაციის ერთპიროვნული მართვა, სხვებზე ზეწოლა და ინიციატივის ჩახშობა, არამედ კოლეგებთან თანამშრომლობა და დიალოგი, რათა ყველამ ერთად გავინაწილოთ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, აუცილებელია კოლეგების მოსმენა და მათი მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ ასე და ამ გზით შეიძლება პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა.
„აკადემიური თავისუფლების“ გარეშე ვერ განვითარდება ვერც განათლების სისტემა და ვერც საზოგადოება; ამიტომაც არის ეს აღიარებული განათლების სფეროს ძირითად პრინციპად და დეკლარირებულია მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში. ასე რომ, კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპია; მაგრამ მისი დანერგვა არ გულისხმობს მხოლოდ კანონმდებლობაში დეკლარირებული ხასიათის ნორმების არსებობას. საჭიროა აგრეთვე სამართლებრივი ნორმები, რომელთა საფუძველზეც პროფესორს რეალურად ექნება შესაძლებლობა თავისუფლად განახორციელოს სწავლება და კვლევა და ექნება აგრეთვე საშუალება სამართლებრივი მექანიზმით დაიცვას თავი ჩაგვრისაგან.
ძირითადი მაორიენტირებელი განათლების სფეროში უნდა იყოს განათლების სახელმწიფოებრივი სტანდარტი. კარგი იქნება აგრეთვე წარმატებული პედაგოგების პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესის ზედმეტი ბიუროკრატიული მომენტებისაგან გათავისუფლება. აშკარაა, რომ უნდა შეიქმნას განათლების ახალი პოლიტიკა და შემოვიდეს ჰორიზონტალური ურთიერთობების ახალი კულტურა. საჭიროა და აუცილებელი ახალი ფასეულობების დროული შერჩევა და დანერგვა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, მიჩვეულნი ვართ მხოლოდ დომინირების ფორმატში მუშაობას, ასეთი კულტურით კი ნამდვილად გაგვიჭირდება დღეს ცხოვრება და ვერ შევალთ ახალ საუკუნეში.
ფუნდამენტური, კოლოსალური ცვლილება კულტურაში უნდა განიცადოს დღეს ყოველმა ჩვენთაგანმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავიძვრებით ადგილიდან. კულტურა, რომელიც მხოლოდ დიქტატზე და მორჩილებაზეა დამოკიდებული, აფერხებს, თრგუნავს და ბლოკავს პროგრესს. უმაღლესი განათლების პედაგოგს აქვს უფლება, თავისი პასუხისმგებლობის მიხედვით, წარმართოს თავისი საგნის სწავლება. თავისი შეხედულებებით აირჩიოს საკვლევი პრობლემები, სწავლების ფორმები და მეთოდები.
დღეს საჭიროა შემეცნებითი და შეფასებითი განათლება, რომლის საფუძველია ადამიანის ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა. ცვლადი, დინამიური და წინააღმდეგობრივია დღევანდელი გარემო და განათლებით უნდა გადავიდეს კულტურა თაობიდან თაობაზე, მაგრამ ისე, რომ არ შეიზღუდოს ინდივიდუალური თავისუფლება. შემოქმედმა ადამიანმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაანგრიოს ძველი და შემოიტანოს ახალი, მაგრამ ისე, რომ არ დაიკარგოს ამ დროს ქვეყნის იდენტურობა და სუვერენიტეტი.
დრო ითხოვს თავისუფალ, რაციონალურ და თანასწორუფლებიან პარტნიორობას, მაგრამ ამ დროს ლიბერალიზმი არ უნდა იქცეს ისტერიად. ექსტრემიზმი და განსხვავებული აზრი არ არის ერთი და იგივე. ეს უკანასკნელი ავითარებს ქვეყანას და ხელს უწყობს პროგრესს. ამიტომაც ეძლევა სწორედ ესოდენ დიდი მნიშვნელობა „აკადემიურ თავისუფლებას“, ექსტრემიზმი კი ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და ანგრევს მის სახელმწიფოებრიობას.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნებისმიერი პოლიტიკა, რომელსაც არ გააჩნია მეცნიერული არგუმენტაცია და არა აქვს მეცნიერული საფუძველი, იქცევა ლაყბობად და ვერასოდეს ვერ მოახერხებს გლობალური და ლოკალური ინტერესების შედეგიან სინთეზს. დრო კი არ ითმენს, დრო ითხოვს საზოგადოებრივი პროგრესისაკენ მიმავალ კოორდინირებულ მოქმედებებს და წარმატებულ სამუშაო პროექტებს. ასეთ ვითარებაში აკადემიური თავისუფლებისა და უფლებების ყოველი შეზღუდვა ხელს უშლის მეცნიერებისა და განათლების სისტემის დემოკრატიულ განვითარებას და სტაგნაციით ემუქრება მთელ მეცნიერულ აზრს და მეცნიერულ საზოგადოებას. ამიტომაც არის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში „აკადემიური თავისუფლება“, ანუ სწავლების და დისკუსიის თავისუფლება იუნესკომ გამოაცხადა მეცნიერული პროგრესის ძირითად მამოძრავებელ ძალად.
და აი სწორედ ასეთ დროს ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემმა საყვარელმა უნივერსიტეტმა შემომთავაზოს რაღაც გაურკვეველი სახის „მოწყალება“ და სანაცვლოდ ამისა მომთხოვოს კიდევ ხელწერილი იმაზე, რომ არსად, არასოდეს აღარ ვიფიქრებ არაფერზე ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ „ჩარეცხილები“ ჯერ კიდევ ჭირდება უნივერსიტეტს, მათ ბევრის გაკეთება შეუძლიათ.
P.S. პრობლემა, რომელსაც ჩემი პროექტი ეხება, სრულად წარმოდგენილია ჩემს პირად საიტზე: გილდასიკჰარულიდზე.ცომ. ვიტოვებ იმედს, რომ მომეცემა ამ პროექტის საჯაროდ განხილვის საშუალება, მითუმეტეს, რომ მასში მოცემულია მცდელობა _ გაგრძელდეს უნივერსიტეტში ის ბრწყინვალე ტრადიცია, რომელსაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს აკადემიკოსებმა მ. მირიანაშვილმა და ვ. მამასახლისოვმა და რაც, ძირითადად, ეხებოდა ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლებას. ასევე, მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის პრობლემა იუნესკომ აქტუალურ პრობლემად გამოაცხადა და პირდაპირ მოუწოდა, რომ ამ ფორმატში ჩამოყალიბდეს ფილოსოფიის სწავლების ინოვაციური ფორმა. მაგრამ ამაზე შემდეგ...
გილდა სიხარულიძე
მოწვეული პროფესორი