headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

გილდა სიხარულიძე: განათლების სისტემის რაციონალურ რეფორმას თან უნდა ახლდეს ჯანსაღი კონკურენცია

2024-01-04

3 ოქტომბერი, 2016  
(ეს თემა ისევ აქტუალურია)

 

    განათლების სისტემაში რომ ბევრი რამ არ არის კარგად, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება; არა და კარგად გვახსოვს, თუ როგორ კადრებს ზრდიდა უნივერსიტეტი თავის დროზე თითქმის ყველა სფეროში. ეს კადრები დღესაც წარმატებით მუშაობენ ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში და კიდევ სხვაგან. განსაკუთრებული მოთხოვნა ყოველთვის იყო ფიზიკოსებზე. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ მთავარი შეცდომა, რასაც ადგილი ჰქონდა განათლების სისტემის რეფორმის დროს, იყო ის, რომ არ ჩატარდა არსებული ტრადიციების სერიოზული გადასინჯვა, შეფასება და ანალიზი. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დაინგრა სკოლა, მოიშალა სასწავლო პროცესი და განადგურდა მეცნიერება.


    უკანონოდ ჩატარებულმა კონკურსებმა უნივერსიტეტის გარეთ დატოვა ბევრი ისეთი მეცნიერი და პედაგოგი, რომელთაც შეეძლოთ ყოველ დროს და ყველა დონეზე დაეცვათ და შეენარჩუნებინათ უნივერსიტეტის ღირსება და ავტორიტეტი. სწავლების ხარისხზე პასუხისმგებლობა აიღეს სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელმა კადრებმა, რომელთაგანაც ზოგი, რაღა დასამალია და, ერთი ლექციით ძლივს უსწრებდა წინ სტუდენტებს თავისი საგნის ცოდნაში. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არავის გაახსენდა, რომ უნივერსიტეტს ყველა სფეროში გააჩნდა კვლევის თავისი გამოცდილება და სწავლების საკუთარი მეთოდიკა, რომ ჩვენთან არსებობდა ბრწყინვალე სკოლები ფიზიკაში და მათემატიკაში, გაგვაჩნდა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის საჭირო ბევრი საინტერესო ტრადიცია; ფიზიკის ფაკულტეტზე წლების მანძილზე ფილოსოფიის კურსი იკითხებოდა პროფილის მიხედვით და სისტემატურად ტარდებოდა სტუდენტთა საკავშირო კონფერენციები „მეცნიერების ფილოსოფიის“ საკითხებზე.
უაღრესად საინტერესო კვლევები არსებობდა აზროვნების დიალექტიკის საკითხთა სფეროში, რასაც საფუძველი ჩაუყარეს ა. რაზმაძემ, ლ. გოკიელმა, ს. წერეთელმა, კ. ბაქრაძემ, ზ. კაკაბაძემ და სხვებმა. აი რას წერდა გ. ჭოღოშვილი ამ პერიოდზე: „ანდრია რაზმაძის მოწაფემ ლ. გოკიელმა ღირსეულად ჩაიბარა მისგან უმნიშვნელოვანესი საუნივერსიტეტო კურსის „სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხების“ ხელმძღვანელობა... მე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი სტუდენტი.... არაჩვეულებრივად მომხიბლავი გახდა მაშინ ჩემთვის მათემატიკური ცნებები, ჩვენ ვხედავდით მათში გაცილებით მეტს, ვიდრე არიან ისინი წმინდა მათემატიკური აზრით... ეს იყო პრობლემატიკა, რაზეც მუშაობდნენ მათემატიკის უკვე სახელმოხვეჭილი წარმომადგენლები: პუანკარე და პეანო, უაიტხედი, რასელი და სხვ. ჩვენ გატაცებით ვკითხულობდით ყოველგვარ წიგნებს, ვეცნობოდით ცნობილ უცხოელ ავტორებს და გვახარებდა ის, რომ ანდრია რაზმაძის მოწაფის ახსნა-განმარტება და მიდგომა ყოველთვის უფრო ღრმა და ამომწურავი იყო, ვიდრე უცხოელი ცნობილი ავტორების“. ასეთივე თბილი და შემოქმედებითი მომენტებით იყო სავსე ს. წერეთლის კონტაქტები ლ. გოკიელთან, ხოლო კოტე ბაქრაძის მოწაფემ, ზურაბ კაკაბაძემ, სრულიად ახლებურად, შემოქმედებითად და უაღრესად
საინტერესოდ მოახდინა ჰუსერლის ფენომენოლოგიის ინტერპრეტაცია; ეს აღარ იყო მხოლოდ ჰუსერლი, ეს იყო გაცილებით მეტი და ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტმა არ უნდა დაუკარგოს ყოველივე ეს ჩვენს ახალგაზრდებს.


    ასევე, ფიზიკის ფაკულტეტზე, ვ. მამასახლისოვის და მ. მირიანაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა „მეცნიერების ფილოსოფიის“ მუდმივმოქმედი სემინარი, რომელზეც ასევე, დროის მოთხოვნების მიხედვით, მსგავსად მათემატიკოსებისა, განიხილებოდა ფიზიკის დაფუძნების საკითხები. ამ სემინარზე ერთმანეთის გვერდით მუშაობდნენ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები. აქ იკითხებოდა ლექციები ეთიკაში, ესთეტიკაში, ხელოვნების სფეროდან და მიმდინარეობდა ინტეგრირებული ცნობიერების ფორმირების სფეროს სერიოზული კვლევა და ანალიზი. ეს
არის პრობლემა, რომელიც დღეს აქტიურად წამოწია წინ ჩვენმა ეპოქამ და განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დააყენა რეფორმებმა განათლების სისტემაში. აქ, ამ სემინარზე წაიკითხა თავის დროზე ლექცია ნილს ბორმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ქართველი ფიზიკოსების მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში ბორი მიწვეული იყო რუსეთშიც, მაგრამ დროის უქონლობის გამო ორივე ქვეყანაში ვიზიტს ვერ ასწრებდა და მან საქართველო აირჩია. მაშინ ბორმა ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, სადაც საკუთარი ხელით დაწერა დაფაზე თავისი მთავარი პოზიცია ფიზიკაში მომხდარი რევოლუციური აღმოჩენების პროგრესული ფილოსოფიური ინტერპრეტაციის შესახებ. შემდეგ ფიზიკოსებმა ამოჭრეს დაფიდან ეს წარწერა, ჩასვეს ჩარჩოში და დაკიდეს ფიზიკის დიდი აუდიტორიის კედელზე, იმის დასაფიქსირებლად, რომ აქ, ამ აუდიტორიაში ბორმა წაიკითხა ლექცია და დაწერა დაფაზე საუკუნის ფრაზა: მომავლის თვისებრივად ახალი
მსოფლმხედველობრივი პარადიგმა. სამწუხაროდ, ეს ფაქტიც და ჩვენი მეცნიერების საინტერესო მუშაობაც ვერ შეამჩნიეს „ჩვენმა რეფორმატორებმა“, ხოლო ფიზიკოსებს, მგონი, დღეს აღარც უშვებენ იმ აუდიტორიაში.


    ცნობილია, რომ ბორი იყო არა მხოლოდ დიდი ფიზიკოსი, არამედ ფილოსოფიურად ღრმად მოაზროვნე პიროვნებაც. მან თავისი დამატებითობის მეთოდით თვისებრივად ახალი ხაზი შემოიტანა გნოსეოლოგიაში და განავითარა შემეცნების თეორია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბორმა უწოდა პოზიტივიზმს, დასავლეთში იმ დროისთვის საყოველთაოდ აღიარებულ ფილოსოფიურ მიმდინარეობას, სულელური ფილოსოფია. საყურადღებოა ისიც, რომ მაშინ, როდესაც თვით აინშტაინი ეკამათებოდა ბორს 20 წელი ახალი ფიზიკის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ჩვენი ფიზიკოსები აღფრთოვანებით იზიარებდნენ ბორის მიერ წამოყენებულ პოზიციას და ეს იმ ქვეყანაში, სადაც არსებობდა დუბინინის ტრაგედია და გენეტიკასთან და კიბერნეტიკასთან დაკავშირებული მტკივნეული პრობლემები, ხოლო ბევრი ჩვენი ფილოსოფოსი თავს უფლებას აძლევდა ეთქვა, რომ ბორმა და ჰაიზენბერგმა ვერ გაიგეს თურმე თანამედროვე ფიზიკა. სამწუხაროდ, ვერც „ჩვენმა რეფორმატორებმა“ ვერ
დაინახეს ამ მოვლენათა მსოფლმხედველობრივი სიახლე და მნიშვნელობა და ვერც ის, რომ ჩვენთან, უნივერსიტეტში, ტარდებოდა ეპოქის განმსაზღვრელი უახლესი ტენდენციების ღრმა
და სერიოზული კვლევები და რომ მათი ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელი იყო განათლების სისტემის რეფორმის რაციონალურად წარმართვისთვის.


    XX-ე საუკუნემ პრინციპულად შეცვალა ჩვენი მიმართება სამყაროსთან: შეიცვალა ჩვენი წარმოდგენები ბუნებაზე, განვითარდა კომპიუტერული მეცნიერებანი, ინტერნეტი, შემოვიდა შემეცნების ახალი ფორმები და მეთოდები, ადამიანს გაუჩნდა ახალი ემოციები და თვისებრივად ახალი სახე მიიღო ხელოვნებამ. ბუნებრივია, რომ ყველაფერმა ამან წარმოშვა პრობლემები აღმზრდელის და აღსაზრდელის წინაშეც და მოითხოვა რეფორმები განათლების სისტემაში. რა თქმა უნდა, არავის მოეწონება და არც არავინ გაამართლებს ზედმეტ თავისუფლებას და უხეშობას უფროსებთან სტუდენტების მხრიდან. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ახალგაზრდას, რომლის ოჯახიც უკანასკნელ კაპიკებს უხდის უნივერსიტეტს შვილის სპეციალისტად აღზრდაში, აქვს უფლება მოითხოვოს უნივერსიტეტიდან დროის შესაბამისი განათლება და გაღიზიანება გამოხატოს ლექტორის მიმართ, თუკი ის არ აძლევს მას საგნის ირგვლივ წამოჭრილი კითხვების დასმის უფლებას. ვინ გაუბედავდა, მაგალითად, ილია ვეკუას, მათე მირიანაშვილს, ვაგან მამასახლისოვს, კოტე ბაქრაძეს, სავლე წერეთელს და მრავალ სხვას რაიმე უხეშ სიტყვას ან მიმართვას? როგორც ჩანს, დღეს უნივერსიტეტში შექმნილია არაჯანსაღი ატმოსფერო და პროფესიულად და პიროვნულად ყველა ერთნაირად ვერ უძღვება სასწავლო პროცესს.


    სხვათა შორის, ადრე უნივერსიტეტში არსებობდა ძალიან კარგი ტრადიცია: პერიოდულად პროფესორ-მასწავლებლები კითხულობდნენ საჯარო ლექციებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თავიანთი დარგის აქტუალური პრობლემების შესახებ. ისინი ამ დროს უჩვენებდნენ აუდიტორიას თავიანთი საგნის მსოფლმხედველობრივ მნიშვნელობას და კიდევ იმას, თუ როგორ არის ეს საგანი ინტეგრირებული სხვა დარგებთან, ანუ ვის როგორ, სად და რა ფორმით შეუძლია გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია თავის სფეროში. ასეთი ლექციები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ბადებდა უამრავ კითხვას მსმენელთა მხრიდან. ამგვარ ლექციებს ხშირად კითხულობდნენ, მაგალითად, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, კოტე ბაქრაძე, ზურაბ კაკაბაძე, ალეკო თავხელიძე და ბევრი სხვა. უკანასკნელ ხანებში ამ პრაქტიკას
აგრძელებდა ბატონი რისმაგ გორდეზიანიც.


     თავიანთი მუშაობით პედაგოგები ეხმარებოდნენ ახალგაზრდებს აღმოეჩინათ საკუთარ
თავში გარკვეული უნარები და უჩვენებდნენ აგრეთვე ამ უნარების გამოყენების გზებსაც, ანუ აძლევდნენ იმას, რასაც ვერასოდეს მისცემს ვერავის ვერავითარი კომპიუტერი. პირველად სწორედ ჩვენი პედაგოგებიდან გავიგეთ, რომ შეუძლებელია გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ზნეობრივი ცხოვრება ცოდნის, ძალადობაზე უარის თქმისა და საკუთარი თავისუფლების საზღვრების დადგენის გარეშე. სწორედ მათგან ვისწავლეთ ის ყველაზე მთავარი, რომ ადამიანი ადამიანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც გააჩნია მას თვითშეზღუდვის უნარი და რამდენად ახორციელებს ის ამ უნარს ცხოვრებაში. ანუ რამდენად შეუძლია მას აღიაროს თავისი დამოკიდებულება სხვებისგან. თავიანთ მაგალითზე ისინი გვიჩვენებდნენ პასუხისმგებლობას, დისციპლინას და იმას, თუ რას ნიშნავს იცხოვრო ღირსეულად საკუთარი ძალებით. მათი ლექციები იყო არა უბრალოდ ინფორმაციის გადმოცემა, არამედ ძალზედ საინტერესო შემეცნებითი პროცესი, რითაც ზრდიდნენ ჩვენში არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ პიროვნებებსაც და, რაც მთავარია, გვასწავლიდნენ, რომ პირველ რიგში თითოეული ჩვენგანი უნდა ყოფილიყო თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე.


    ლექცია არის ცოცხალი დიალოგი ლექტორისა აუდიტორიასთან. დღეს ყველას შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტიდან, მაგრამ პედაგოგი სჭირდება ახალგაზრდას, რათა გაარკვიოს იგი თავისი პროფესიული, პიროვნული და მოქალაქეობრივი ფორმირების ლაბირინთებში, რათა მან შეძლოს საკუთარი პოტენციალის ეფექტური გამოყენება და რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ პედაგოგიური მუშაობა დიდ ცოდნას და ენერგიას მოითხოვს და ყველას, ვისაც შეუძლია ამის კეთება, დიდი დაფასება სჭირდება ქვეყნისგან. სამწუხაროდ, განათლების რეფორმამ სწორედ ასეთი კადრები ჩამოაშორა უნივერსიტეტს და მათ „ჩარეცხილები“ და „ხულიგნები“ უწოდა. კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, ალბათ, უცნობი ჟურნალისტის მიერ გადაღებული ის კადრები, როდესაც ხელებაწეული „ხულიგანი“ თენგიზ სანაძე გამოჰყავს პოლიციას უნივერსიტეტიდან... გულნატკენი, ძალზედ გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან ეს დიდი მეცნიერი „ხულიგნის“ სტატუსით. არა და სწორედ ამგვარ პედაგოგებთან პროფესიული, პიროვნული და მოქალაქეობრივი კონტაქტი ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას. უნივერსიტეტმა უნდა მოასწროს და გამოიყენოს ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.


    და ერთიც: დეიდეოლოგიზაცია არ ნიშნავს უარესი იდეოლოგიის შემოტანას საზოგადოებაში ან ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის უარმყოფელი იდეების ძალით გავრცელებას და დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. განათლების პროცესი, პირველ რიგში, კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესია, ახალი კვლევების და ცოდნის გაფართოების პროცესია, როდესაც ამავე დროს ხდება ძველი კულტურისა და ძველი ღირებულებების თაობიდან თაობაზე გადაცემა. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ყოველთვის ჰუმანიტარული დარგების სფეროში დაგროვილი ზოგადი ფასეულობების ათვისებას, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ინტელექტის შექმნა და ფორმირება. დრომ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა დღეს ინტეგრირებული ცნობიერების ფორმირების საკითხი, რადგან სწორედ ამის ბაზაზე ვითარდება ყველაზე კარგად ინფორმაციული მენეჯმენტი და ტრანსფერების უნარი, ადვილდება ცოდნის დამოუკიდებლად მოპოვება და იზრდება შესაძლებლობა უფრო ეფექტურად ჩავებათ მრავალფეროვან პრაქტიკაში და ვიცხოვროთ ჩვენს დროსთან ერთად.


    განათლების პროცესი აღარ არის დღეს ორიენტირებული მხოლოდ დამახსოვრების უნარზე. ინფორმაციის მოპოვება ძალიან ადვილია, მაგრამ ძნელია შემდეგ მისი დამუშავება, ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც ინდივიდს უკვე სჭირდება სხვა უნარები: კრეატიულობა, ინტუიცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და თავისი თავის მართვის უნარი; ხოლო ადამიანმა რომ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზაცია, საჭიროა კიდევ მართვის ახალი პოლიტიკა, ურთიერთთანამშრომლობის ახალი კულტურა და მუშაობა ჰორიზონტალურ, დომინირებისა და მორჩილების რეჟიმისაგან თავისუფალ ფორმატში.


    კარგია, რომ დღეს ხაზი გაესვა პედაგოგის მუშაობის მნიშვნელობას და დაისვა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი, რომ დაიწყო საუბარი პროფესიულ განათლებაზე და განათლების სახელმწიფო სტანდარტზეც. მაგრამ აუცილებელია აგრეთვე შემცირდეს განათლების სისტემაში არსებული ბიუროკრატიული „მაკონტროლირებელი მექანიზმები“, რომლებიც კი არ აძლიერებენ, არამედ ამახინჯებენ და ხელს უშლიან განათლების სისტემის მუშაობას. კარგი იქნება, თუ კონტროლის ნაცვლად ყურადღება, ძირითადად, გადავა პედაგოგის პირად პასუხისმგებლობაზე. განათლების სისტემაში არსებულმა კონტროლის უაზრო სისტემებმა შეასუსტეს პედაგოგის შინაგანი მოტივაცია, უკიდურესად დაძაბეს და გააუბრალოეს განათლების პროცესი. პედაგოგს უფლება აქვს შემოქმედებით ორიენტაციაზე, საავტორო პროგრამის შემუშავებაზე და გამოყენებაზე. კონტროლის ყოველი მექანიზმი კი სასურველია ამ დროს იყოს გამჭვირვალე და მხოლოდ ისეთი, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს პედაგოგის მუშაობას ანუ კი არ დათრგუნავს მას, არამედ, პირიქით, დაეხმარება მოტივაციური სფეროს შემუშავებაში, დააფასებს მას, თუ იგი ამის ღირსია და აგრძნობინებს ამავე დროს იმასაც, რომ თავისუფლებას ყოველთვის თან ახლავს პასუხისმგებლობა. მეტი ინოვაცია და ნაკლები ბიუროკრატიზმი! ასეთი უნდა იყოს განათლების სისტემის მთავარი დევიზი.


    დრო ითხოვს თვისებრივად ახალ სინთეზს და ახალ მსოფლმხედველობრივ პარადიგმას. კარგი იქნება, თუ დავძლევთ პროფესიულ ჩაკეტილობას და ღია, საჯარო ლექციებით ხელს შევუწყობთ ინტეგრირებული ცნობიერების ფორმირების პროცესს ისევე, როგორც ამას წარმატებით აკეთებდნენ ჩვენი პედაგოგები. წამყვანი სპეციალისტების მხრიდან ხშირი საუბრები აქტუალურ პრობლემებზე გაუღვივებს სტუდენტებს ჯანსაღი დისკუსიის სურვილს, გაუჩენს მათ უამრავ კითხვას და მოთხოვნილებას უფრო დიდ ცოდნაზე და უფრო მაღალი ხარისხის განათლებაზე. დაე, გახდნენ ეს ახალგაზრდები ჩვენზე უკეთესი პროფესიონალები, ჩვენზე უფრო შორს და ჩვენზე უკეთ დაინახონ მომავალი და თანაც ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ყოველი სპეციალისტი პირველ რიგში უნდა იყოს პიროვნება და თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე.


    და ბოლოს: განათლების სისტემის რაციონალურ რეფორმას თან უნდა ახლდეს ჯანსაღი კონკურენცია, კორუფციის ალაგმვა და რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიზმი. მხოლოდ მაშინ და მხოლოდ ასე მივიღებთ სასურველ შედეგს.


გილდა სიხარულიძე,
თსუ-ის მოწვეული პედაგოგი