headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით!

2026-03-24

SOS! SOS! SOS!

დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით!

ფილოსოფოსის მწარე ფიქრები

იბერია სპექტრი“

1997 წ., 12-18 ნოემბერი



წავიკითხე ქ-ნ მზია ჩხეტიანის წერილი: „დამარცხებული ხალხი, გამარჯვებული ტელევიზია და სხვ...“, წავიკითხე და ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ საჭიროა და აუცილებელი სრულად მხილება ყოველივე იმისა, რაც ხდება, რომ საჭიროა გამოფხიზლება, თორემ დამღუპველი პროცესები გახდება შეუქცევადი საზოგადოება დაკარგავს თვითშენახვის უნარს.

წავიკითხე ეს წერილი და გამიჩნდა დიდი სურვილი გავაგრძელო ავტორის აზრი და აღვნიშნო ჩემი მხრიდან, რომ გამარჯვებული მარტო ტელევიზია როდია, გამარჯვებულია თოფით მოსული მთელი „ელიტარული კულტურა“, რომელმაც უბიძგა ხალხს სოციალური პასიურობისაკენ, დანერგა სოციალური განწირულობის გრძნობა საზოგადოებაში და გაამეფა ანარქიზმი. დეიდეოლოგიზაციის დამღუპველ ატმოსფეროში დაიკარგა ცხოვრების აზრი, ლაყბობამ შესცვალა თეორიული ფილოსოფია, პორნოგრაფიამ – სიყვარული, სექტანტურმა მოძრაობებმა – ჩვენი ტრადიციული ამაღლებული რელიგიური კულტურა.

მ. მამარდაშვილის „ახალ აზროვნებას და აკად. გურამ თევზაძის მიერ რესპუბლიკაში გავრცელებულ თვითკმაყოფილ აბსურდიზმს, თავისი იაფფასიანი ცინიზმით და პოზიორული გოდებით ქვეყნის დასასრულზე, მიზანდასახულად მიჰყავს ადამიანი პათოლოგიური გადახრებისაკენ, როდესაც უცხოა უკვე მორალური პასუხისმგებლობა და გონების რაიმე პრეტენზია შემეცნებაზე.

ეკონომიკური კრიზისის ამ მძიმე ატმოსფეროში, როდესაც ჩვენი კრიმინალური კაპიტალი ვერ იქნა და ვერ ღებულობს ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის ფორმას და არ ვიცით, დავიცავთ თუ არა ბოლომდე ჩვენს შვილებს შიმშილით სიკვდილისაგან, ყველანი ვხედავთ, რომ გავაკეთეთ ბევრი რამ ისეთი, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც საჭირო იყო და აუცილებელი.

ამიტომ ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ისეთი კულტურა გვაქვს, როგორიც დავიმსახურეთ.

სწორედ თოფითა და ზარბაზნით უნდა შემოსულიყვნენ პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქვეყანაში დიმიტრი უზნაძის, კოტე ბაქრაძის, შალვა ნუცუბიძის, სავლე წერეთლის, ზურაბ კაკაბაძისა და სხვათა შემდეგ ის იდეოლოგები, რომელთაც „რწმენა არ უნდათ, სინდისის თავისუფლება უნდათ მხოლოდ“. (მ. მამარდაშვილი, „ჩახშული ფიქრები“, 1992 წ. გვ. 4).

მაგრამ რა არის „სინდისის“ კატეგორია რწმენის გარეშე, ამაზე ამის დამწერმა ფილოსოფოსმა ვეღარ მოასწრო ეთქვა რაიმე; ან კი როგორ გვეტყოდა, როდესაც „აღმოაჩინა“, რომ ადამიანმა არასოდეს იცის, აზროვნებს იგი თუ არა. „აზროვნებ ზეადამიანურ ძალაზეა დამოკიდებული და იგი ბუნებრივად არ ეძლევა ადამიანს. ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერთგვარი გაღვიძება ან წინარე მოგონება ადამიანის და სიმბოლოს შორის დაჭიმულ ველში“ (იქვე, გვ. 5) .

უკეთესს ამდვილად ვერ იტყოდა კაცი სოკრატედან დღემდე; უკეთეს სოფლმხედველობრივ ორიენტირს ნამდვილად ვერ შევთავაზებდით ჩვენს ახალგაზრდობას ამ უდიდესი ნგრევისა და გარდატეხის პერიოდში, როდესაც ერთი ხელის მოსმით გადაიყარა ძველი ფასეულობანი და აღარ იცის ადამიანმა, რა აირჩიოს თვითდისციპლინისა და მოვალეობის საყრდენად, რაზე ილოცოს და რით იმოქმედოს ცხოვრებაში! და ამ დროს მთელს რესპუბლიკაში გაისმის მერაბ მამარდაშვილის „იდუმალებას ჩაწვდენილი“ ხმა:

ცხოვრება არის დროში განხორციელებული ძალისხმევა. ძალისხმევა თავი შეიმაგრო ისტორიულ, ადამიანურ წერტილში, რაც უძრავ წერტილს წარმოადგენს მრუდეზე, რომელიც გაგიჟდა“ (იქვე, გვ. 10).

ამ ფილოსოფოსისგან დამოძღვრილი ახალგაზრდა, რომელმაც არც უნდა იცოდეს თურმე როდის აზროვნებს იგი და როდის არა, ძირითადად სამოქმედო დევიზად იღებ შემდეგს:

იცხოვრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, უკანასკნელ შესაძლებლობამდე, სავსედ, მძაფრად, ის კი არა, თავისუფლებაზე თეორიები აშენო, არამედ თვით თავისუფლებ იცხოვრო“ (გვ. 14).

მართლაც, ბევრმა წლების მანძილზე გაითავისა ეს „გენიალური“ აზრები, რის მერეც მან დაკარგა ცხოვრების აზრი, გადაეშვა თავისუფლებაში ყოველგვარი ანალიზის და თეორიის გარეშე, რწმენის გარეშე, დაკარგა თავისი თავი და ცხოვრების სურვილიც. „საწყალი“ სოლოვიოვი კი ფიქრობდა: «Человек – это умственная и нравственная определенность».

არც ერთი და არც მეორე აღარ სჭირდება თურმე დღეისათვის კაცს, – გვმოძღვრავს მ. მამარდაშვილი.

სხვათა შორის, მამარდაშვილისეულ „ელიტარულ“ აზროვნებას „ჩამორჩენილი“ აინშტაინი წერდა: რწმენის გარეშე მცხოვრები ადამიანი არა მხოლოდ უბედურია, არამედ სიცოცხლისუნარიანიც აღარ არის...

მამარდაშვილს თუ დავუჯერებთ, სრულიად ტყუილად უფიქრიათ საუკუნეების მანძილზე უდიდეს მოაზროვნეებს თავისუფლების ცნების ანალიზზე, ტყუილად შეუქმნიათ ბრძნული თეორიები, სულაც არ ყოფილა საჭირო აზროვნება და ანალიზი, მთავარია მხოლოდ დავჯდეთ „გაგიჟებულ მრუდზე...“.

და აკი დავჯექით კიდეც, დავჯექით და მერე როგორ!..

არა, ტყუილად როდი იდგა თოფ-იარაღით ახუნძლული აკადემიკოს გურამ თევზაძის ოჯახი ტელევიზიასთან! სად, თუ არა ასეთი ბრძოლით მოპოვებულ სოციალურ ანარქიზმში გახდიდა იგი ასე თავისუფლად თავის ვაჟიშვილს დოქტორად. რომელიც ერთ ჭკვიანურ ლექციასაც ვერ წაუკითხავს სტუდენტებს. და აი გაისმის „ღირსეული მამის“ ღირსეული შთამომავლის სიტყვები:

ესთეტიკა არის ჩემი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ვაკეთებ ფილოსოფიას” (გიგი თევზაძე, „მომავლის ნიშნები“, 1955 წ. გვ. 5). ხოლო ფილოსოფიის კეთების ამ „დიდ“ საქმეში მისთვის მთავარი „ფენომენებია ზღაპარი და თამაში“, – აი, როგორია ამ ცნებათა მისეული განმარტება: „ზღაპარში ცნობიერების ესთეტიკა ხედავს განსხვავებულ ტექსტს, ამბავს, რომელიც თითქოს ცნობიერების ყველა ფორმის კვინტესენციაა; ერთსა და იმავე დროს მასში ერთი, რამდენიმე და ზოგადი სუბიექტები მონაწილეობენ, დრო და სივრცე ხან განსაზღვრულია, ხან – განუსაზღვრელი. ყოველივე ეს ცნობიერების ესთეტიკას აფიქსირებს, რომ ზღაპარი არის ცნობიერების ბოლო, „უფორმო ფორმა“ – რომლის მეშვეობითაც აღინიშნება კატასტროფული დრო“ (გვ. 7). – ღმერთმანი, განზე უნდა გადგეს მე-20 საუკუნის ყველა დიდი მოაზროვნე, რომელსაც დროის პრობლემაზე უმუშავია, ამაზე „ამომწურავ ანალიზს“ ამ საკითხზე ვისთან შეხვდებით, მაგრამ ავტორი ამას როდი გვაკმარებს, იგი უფრო „ღრმად“ მიდის თავის კვლევაში და წერს: „მეორე ფენომენს – თამაშს – ესთეტიკა ახასიათებს როგორც მეტარიტუალს, ანუ რიტუალისათვის, არსებობისათვის, ყოფნისათვის მომზადებას – თანამედროვე გარემოში შეიმჩნევა როგორც ზღაპრის, ასევე თამაშის გატოტალურება“ (გვ. 7).

და კიდევ: „ესთეტიკა ასკვნის, რომ კატასტროფულ დროში მეტასამყაროს (რაც ნიშნავს სამყაროს სურათს, მაშასადამე, ის ყველა მსოფლმხედველობის სახელია) უსაბამდება მეტარიტუალი, ანუ იხსნება ცნობიერებისათვის არსებითი წინააღმდეგობა – რიტუალსა და მეტასამყაროს შორის“ (გვ. 8).

და შემდეგ: „ყოფიერების ჩვენეული გაგება, რომელსაც აქამდე მეტას ვუწო- დებდით, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბოლომდე მიყვანა, ანუ დასრულება... ჩემი სურვილი ყოფიერების გაგება ბოლომდე მივიყვანო, ე. ი. დავასრულო, ნიშნავს ბო- ლომდე მიყვანის ბოლომდე მიყვანას“... (გვ. 68). ფრიად სერიოზული მიზანია, მე და ჩემმა ღმერთმა, 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის.

და ისევ: „მეტა-ში მოსაქცევი მხოლოდ ადამიანის ყოველდღიური მოქმედებაღაა. მხოლოდ ის არის „დარჩენილი“ მეტა-ს აბსოლუტიზაციის გარეშე. ეს მოქმედება კი ხორციელდება და თანდათან ადამიანის აქტივობის ყველა სფეროს იპყრობს ორმაგი მეტა (მეტა-მეტა)“ (გვ.37). ავტორი ცდილობს აგვიხსნას: „ცნობიერებისადმი ესთეტიკის მიყენება ნიშნავს იმ კვალის გაყოლას, რომელსაც ცნობიერება ჩვენს გარემოში ტოვებს და კვალის ხასიათის მიხედვით ცნობიერების შესახებ წარმოდგენის შექმნა, საბოლოოდ კი, თუ გაგვიმართლებს, ცნობიერების პოვნაც“, (გვ. 5). რა ქნას, ეტყობა, არ გაუმართლა კაცს და ვერ იპოვა ცნობიერება...

და აი, ამგვარი ფრაზების კორიანტელში ვკითხულობთ: „ცნობილი, რომ ადამიანის ფსიქიკა, რომელიც ვერ ახერხებს გარემოში წესრიგის დანახვას (მაგ., როდესაც უსასრულოდ ბევრი წერტილის უწესრიგო მოძრაობას უყურებს) ირევა“ – (გვ. 46). - ნოდარ დუმბაძე ამაზე იტყოდა, რა ქნას, უგრძვნია, ეტყობა, კაცს, ნამდვილად უგრძვნიაო...

მე არ შევუდგები საგაზეთო წერილში ამ ფილოსოფოსის სხვა ციტატების მოყვანას, - საჭიროების შემთხვევაში ამას შესაბამის დროსა და ადგილზე გავაკეთებ - ვიტყვი მხოლოდ, რომ სად მივა პროფესორ გიგი თევზაძის მიერ „გაკეთებულ ფილოსოფიასთან“ ჩვენი მოკრძალებული, „ძველმოდური“ სურვილი: ვიმუშაოთ მეცნიერულ მსოფლმხედველობაზე და ცოდნის საფუძველზე წარვმართოთ დიალოგი ბუნებასთან. „მოხერხებულმა“ მამამ „მოხერხებულად“ გაუთავისუფლა შვილს გზა მოღვაწეობისათვის, მოსპო მეცნიერების ხსენებაც ფილოსოფიაში და მწვანე შუქი მისცა აბსურდიზმს.

ასეთია, ბატონებო, დღევანდელი საქართველოს „პროგრესული“ იდეოლოგიური ფონი, რომელიც გვიქადაგებს ერთგვარად, რომ „თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თავისუფლება უნდა იცხოვრო“. და აკი ცხოვრობენ კიდევაც ჩვენი ახალი იდეოლოგები თავისუფლებას, თანაც ისე, რომ ღმერთსაც კი შეშურდება მათი ბედი...

რაღა გასაკვირია ამის შემდეგ ის, რაც ჩვენა გვჭირს:

შემოვიდა აღვირახსნილი თავისუფლება, განადგურდა ტრადიციები, კულტურა, მორალი, დაიკარგა საკუთარი ღირსების გრძნობა, შეგვჭამა კრიშნამ და იეღოვამ, დაგვავიწყდა მეგობრობა, სიყვარული და ისიც, რომ ადამიანის მთავარი ნიშანია აზროვნება...

მონურად ვუყურებთ საზღვარგარეთის ყველაზე მანკიერ და პათოლოგიურ ტენდენციებს. ვიღუპებით!

ვინ იფიქრებს ამაზე, ვინ მიხედავს კადრების საქმეს რესპუბლიკაში, ვინ შეგვიმსუბუქებს ზღვის ტალღებზე მოკუნტრუშე პარლამენტის სხდომების ყურებით გამოწვეულ შოკს?

რა „დემოკრატია“ დაგვემართა მაინც ასეთი და როდემდე შეიძლება ამგვარი დემოკრატიით ვეკეკლუცოთ დასავლეთს? ერთიღა დაგვრჩენია: ვიყვიროთ მთელი ძალით:

SOS! SOS! SOS!

ხაზზეა დეიდეოლოგიზირებული საქართველო! იქნებ გაგვიმართლოს, იქნებ გაგვიგონონ, იქნებ გვიშველონ და იქნებ ჩვენვე მივხვდეთ, რომ აუცილებელია შევჩერდეთ როგორმე უფსკრულის პირზე!

იბერია-სპექტეი“

1997 წ., 12-18 ნოემბერი



ამავე თემაზე კიდევ უკეთესად წერს ფილოსოფიის დოქტორი, პროფ. თამარ კუკავა „მამარდაშვილის მემკვიდრეს“; რას გვაუწყებს საუკუნის „დიდი წინასწარმეტყველი“ გიგი თევზაძე, ანუ სამყარო მრუდე სივრცეში“.

1998 წ., N24 21-27 ივნისი

გაზეთი „კომუნისტი“